ელენე ხოშტარია მისი პოლიტიკური მოძრაობის, დროას მიერ მომზადებულ ვიდეოში ამბობს, რომ გარეჯის საქმე სინამდვილეში რუსული საქმეა, რომელიც ივანიშვილმა შესასრულებლად ირაკლი ღარიბაშვილს დაავალა.
ვიდეოში ელენე ხოშტარია ყვება კარტოგრაფების საქმის ფიგურანტ დავით ხიდაშელის რუსულ კავშირებზე. დროას ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის სამაგალითო პიროვნება, რომელმაც საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქართველოს გარეჯის რუკები ჩამოუტანა, რუსეთთან და სირიის რეჟიმთანაა კავშირში.
"1965 წელს საქართველოში დაბადებული დავით ხიდაშელი 80-იან წლებში რუსეთში მიემგზავრება და იქ აგრძელებს მოღვაწეობას. 2007 წლიდან ის იკავებს უმსხვილეს რუსულ საკომუნიკაციო კომპანიაში აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას. პარალელურად, 2009 წლიდან მაღალ თანამდებობას იკავებს ბერძნულ საკომუნიკაციო კომპანია ინტრაკომში. სინამდვილეში ბერძნული ინტრაკომი 2006-2015 წლამდე რუსული კომპანია "სისტემას" ნაწილი იყო.
სისტემა რუსეთის საკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა. მისი ბორდის თავმჯდომარე და საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვლადიმერ იევტუშენკოვი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია. [...]
იევტუშენკოვი პირდაპირ დაკავშირებულია მსხვილ კრიმინალურ დაჯგუფებებთან. მეიდნის მოვლენების დროს ის აფინანსებდა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იანუკოვიჩს", - ყვება ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია ასაჯაროვებს მიმოწერას, რომელიც სირიის რეჟიმის ლიდერს, ბაშარ ალ ასადსა და ხიდაშელის ე.წ. ბერძნულ კომპანიას, Intracom-ს შორის სირიის ომის დროს მიმდინარეობდა.
მიმოწერიდან ირკვევა, რომ ხიდაშელის კომპანია, სანქციების გვერდის ავლით, სატელეკომუნიკაციო სისტემებით ამარაგებდა ასადის რეჟიმს, როცა სირიაში ომი მიმდინარეობდა და ქვეყნის ლიდერი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა.
საგამოძიებო ვიდეოში ელენე ხოშტარიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია ჟენევაში დავით ხიდაშელის საცხოვრებელი სახლის შესახებაც. ხიდაშელი "რუსულ სოფელში" ცხოვრობს, სადაც რუსი ჩინოვნიკების, KGB-სა და FSB-ს წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.